მთავარიევროპაუკრაინაკრემლის ცნობით, უკრაინის სამხედრო ოპერაციის გამო კურსკის ოლქი 133 000-ზე მეტმა მოქალაქემ...

კრემლის ცნობით, უკრაინის სამხედრო ოპერაციის გამო კურსკის ოლქი 133 000-ზე მეტმა მოქალაქემ იძულებით დატოვა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის 910-ე, რუსულ ტერიტორიაზე კი უკრაინის სამხედრო ოპერაციის მე-16 დღეა.

კონფლიქტის ზონაში მძიმე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. კიევი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება დაიკავა. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა რუსული სტრატეგიული, მათ შორის ენერგო ობიექტებიც. ერთ-ერთია ქალაქ კურჩატოვოსთან მისასვლელი გზა, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ვრცელდება ცნობები, რომ მხოლოდ ორი რეაქტორი მუშაობს, ამიტომ ვითარების შესაფასებლად, ადგილზე მომავალ კვირაში გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ვიზიტი იგეგმება.

სუმის ოლქში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდალთან, გენერალ ალექსანდრ სირსკისა და რუსეთთან მოსაზღვრე ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან

შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარების მნიშვნელობას ქვეყანაში რუსული აგრესიის დასამარცხებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა რეალურად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები თითოეული პაკეტისთვის, ყველა ჩვენი შეთანხმებისთვის. ეს არის ფუნდამენტური თავდაცვისთვის. ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში – ჩვენი საბრძოლო მუშაობა გრძელდება, ნაბიჯები იდგმება. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ბიჭს, ყველა ჩვენს ქვედანაყოფს გაცვლის ფონდის შემდგომი შევსებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსულ ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის გარდა, უკრაინა მოწინააღმდეგის სტრატეგიულ პოზიციებს ჰაერიდანაც ამუშავებს.

22 აგვისტოს ღამით, კიევმა დრონებით შეუტია ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ აეროდრომს, რომელსაც რუსები უკრაინის ფრონტის ხაზის დასაბომბად იყენებენ. ვრცელდება ცნობები ავიაბომბებისა და საწვავის რეზერვუარების განადგურების შესახებ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, კიევის სამიზნედ სამი რუსული სტრატეგიული ობიექტი იქცა. შედეგად, დაბომბილია რადიოკავშირის ცენტრი, აეროპორტი და საავიაციო ბაზა. კრემლი ინფორმაციას მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებს. ამასთანავე, თანამგზავრული სურათებით მტკიცდება, რომ მეხუთე დღეა, როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკთან მდებარე ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს. მოსკოვის სამთავრობო მედია იუწყება ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებში რუსული დროშის აღმართვის შესახებ, რასაც კიევი უარყოფს.

კრემლი უკრაინული მიწის ოკუპაციას განაგრძობს აღმოსავლეთის ფრონტზე. დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით. შეტევები მიმდინარეობს როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან. რთული ვითარება ნარჩუნდება ტორეცკისა და მირნოგრადის მისადგომებთან. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების გზავნილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კვლავ ერთია – დატოვონ საცხოვრებლები მანამ, სანამ უკრაინას შეუძლია მათი უსაფრთხოდ ევაკუაციის უზრუნველყოფა.

შექმნილი ვითარების ფონზე, შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. ევროპელ ლიდერებს ის მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა უკრაინაში რუსული აგრესიის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად.

„კურსკის უკრაინის სახმელეთო ოპერაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნარატივს. უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილე რუსი სამხედროების წინააღმდეგ შესაძლებლობების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება. გააძლიერეთ უკრაინის თავდაცვა, რითაც უკრაინული ქალაქები და ინფრასტრუქტურა აღარ იქნება რუსული დაბომბვებისა და იერიშების სამიზნე. გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე და შეამცირეთ უკრაინის განადგურება. დახმარება გაუწიეთ სამშვიდობო ძალისხმევას“, – დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე.

კიევის სამხედრო დახმარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ამსტერდამმა.

უპილოტო საფრენი აპარატების იდენტიფიცირებისა და მათი განეიტრალებისთვის ნიდერლანდები უკრაინას 51 მობილურ რადარს გადასცემს. კიევის მხარდასაჭერად შვეიცარია ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ 24 ივნისს დაწესებული ეკონომიკური სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდა. კიევისადმი პოლიტიკურ ერთგულებას ადასტურებს მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, რომელიც მაია სანდუსთან რეგიონში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისი ნაბიჯების აუცილებლობაზე მოლაპარაკებებს მართავს. მხარდამჭერი გზავნილებისა და გადაწყვეტილებების გამო, მოსკოვი დასავლეთს ისევ „ომის სპონსორს“, ხოლო თავად უკრაინას ე.წ „ნეონაცისტურ რეჟიმს“ უწოდებს.

კრემლის საგარეო უწყება კიევის მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ სანქციების გამო პასუხს არ დააყოვნებს და ყველა ქმედებაზე, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე, „მკაცრი რეაგირება“ ექნება.

რუსული ტერიტორიების უკრაინული ჯარების მიერ კონტროლქვეშ მოქცევისა და არამხოლოდ უკრაინის საზღვრისპირა, არამედ ქვეყნის ევროპულ ნაწილში სტრატეგიული ობიექტების განადგურების ფონზე, კრემლის ლიდერი საგარეო და საშინაო შეხვედრებს მართავს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბაქო-ერევნის ურთიერთობების სტაბილიზაციის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი საკუთარ ტერიტორიაზე ერთ-ერთ მოკავშირედ მიჩნეული ქვეყნის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს შეხვდა.

რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მხარეთა განსახილველი საკითხების სიაში კურსკის ოლქში კონტროლს მიღმა დარჩენილი 90-ზე მეტი რუსული დასახლება არ მოხვედრილა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend