შინაარსზე გადასვლა

ვინჩენც პრენუში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინჩენც პრენუში
Vinçens Prennushi
დაიბადა 4 სექტემბერი, 1885(1885-09-04)
შკოდერი
გარდაიცვალა 19 მარტი, 1949(1949-03-19) (63 წლის)
დურესი[1]
ხსენების დღე 20 მარტი
მოღვაწეობა კათოლიკე მღვდელი[2] , პოეტი, მთარგმნელი და Catholic bishop[1]

ვინჩენც პრენუში (ალბ. Vinçens Prennushi; დ. 4 სექტემბერი, 1885, შკოდერი — გ. 19 მარტი, 1949, დურესი) — ალბანელი პოეტი და ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი, კათოლიკე პრელატი, ფრანცისკანელთა სამონასტრო ორდენის წევრი.

ახალგაზრდობაში იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, რისთვისაც ოსმალეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. 1900 წელს შეუერთდა ფრანცისკანელთა სამონასტრო ორდენს. სწავლობდა ზალცბურგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. 1904 წელს მან სამონასტრო აღთქმა დადო, 1908 წლის 19 მარტს კი მღვდლად აკურთხეს. იყო ფრანცისკანური გამომცემლობის დირექტორი. 1936 წელს გახდა ფრანცისკანელთა ალბანეთის ფილიალის პროვინციალი.

1936 წლის 27 იანვარს რომის პაპმა პიუს XI-მ პრენუში საპას ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნა. 1936 წლის 19 მარტს გაიმართა მისი ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონია, რომელიც ალბანეთის სამოციქულო დელეგატმა და ქალკედონის ტიტულარულმა მთავარეპისკოპოსმა ჯოვანი ბატისტა დელა პიეტრამ ჩაატარა.

1940 წლის 26 ივნისს პიუს XII-მ პრენუში დურესის მთავარეპისკოპოსად დანიშნა.

იყო კათოლიკური პერიოდული გამოცემების Hylli i Dritës და Zani i Shen Ndout-ის რედაქტორი.

ალბანელი კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრენუშიმ მოითხოვა, შექმნილიყო წმინდა საყდრისგან დამოუკიდებელი კათოლიკური ეკლესია. 1947 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ის დააპატიმრა. 1947 წლის 18 დეკემბერს გაიმართა სასამართლო პროცესი. პრენუშის ბრალი ედებოდა იტალიელ ოკუპანტებთან თანამშრომლობასა და ამერიკელთა ჯაშუშობაში. მას ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ციხეში ყოფნისას აწამეს. გარდაიცვალა 1949 წლის 19 მარტს, ციხის საავადმყოფოში.

დაკრძალულია დურესის წმინდა ლუსიას საკათედრო ტაძარში. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1992 წლამდე, დურესის მთავარეპისკოპოსის კათედრა ვაკანტური იყო.

2016 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ შკოდერში, წირვის დროს, კარდინალმა ანჯელო ამატომ ვინჩენც პრენუში 38 ალბანელ მოწამეს შორის დაასახელა.[3]

შექმნილი აქვს პოეზიის რამდენიმე კრებული. გერმანულიდან თარგმნა გერმანული რომანტიზმის ნაწარმოებები. ეწეოდა ეთნოგრაფიულ საქმიანობას, აგროვებდა ალბანური ხალხური სიმღერების ტექსტებს.

ძირითადი ნაშრომები:

  • Visari kombëtar (1911);
  • E Trathtuemja (1919);
  • Prej robnije në liri;
  • Gjeth e lule.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]